ტერაბანკის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ტერაბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. AGE S.A. Arins Group-ის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის Ardshinbank — სომხეთის უმსხვილესი ბანკი აქტივების მიხედვით.
Arins Group სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია და აერთიანებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს. ჯგუფის ეკოსისტემაში შემავალ Ardshinbank-ის წილი ქვეყნის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში 21%-ს შეადგენს და ძლიერი პოზიციები აქვს კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო საბანკო მომსახურებების მიმართულებით და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის EBRD-სა და EIB Global-თან.
Ardshinbank ერთადერთი სომხური კომპანიაა, რომელსაც სამივე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს — S&P Global-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის — რეიტინგი აქვს. ამასთან, ბანკის რეიტინგები სომხეთის სუვერენული რეიტინგის დონეზეა, რაც Ardshinbank-ის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.
ტერაბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით.
ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა ტერაბანკის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის და ბანკის შემდგომი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.
ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.