როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები

ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერსივრცის განვითარება ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში გვეხმარება. საბანკო მომსახურებების ვებგვერდებისა თუ მობილური აპლიკაციებით მიღება, ონლაინშოპინგი და სხვა ინტერნეტსერვისები ცხოვრებას აიოლებს და დროს გვითავისუფლებს. თუმცა, კიბერსივრცის გამოყენება საიმედო და უსაფრთხო ყოველთვის არ არის. გაეცანით მარტივ რჩევებს, რომლებიც ონლაინსამყაროში თქვენი მონაცემების დაცულობის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.

მოწყობილობის უსაფრთხოება

დარწმუნდით, რომ თქვენი მობილურის, პლანშეტის, ან კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, ასევე, ამ მოწყობილობებში დაინსტალირებული აპლიკაციები და პროგრამები ლიცენზირებული და ოფიციალური საიტიდან თუ პლატფორმიდან ჩამოტვირთულია. არალიცენზირებული სისტემები ბევრ საფრთხეს შეიცავს. მათი გამოყენებით შესაძლებელია მოწყობილობაში საზიანო პროგრამები მოხვდეს, რაც თქვენს მონაცემებზე უნებართვო წვდომას გამოიწვევს. ყოველთვის განაახლეთ ოპერაციული სისტემა თუ აპლიკაციები და ამ პროცესში დააკვირდით, ხომ არ იცვლება აპლიკაციის მიერ მოთხოვნილი პირვანდელი ნებართვები თქვენს მონაცემებზე. მოწყობილობებში ჩატვირთეთ ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამები და საეჭვო ფაილები მათი დახმარებით შეამოწმეთ. მობილურ მოწყობილობებზე გამოიყენეთ ავტორიზაციის საშუალებები (პინ კოდი, პაროლი, თითის ანაბეჭდი, სახის ამომცნობი).

პაროლი

კიბერსივრცეში დაცვის პირველი ხაზი პაროლია. შესაბამისად, ყოველთვის ეცადეთ, რომ ის რთული იყოს და ბევრი სხვადასხვა სიმბოლოსგან შედგებოდეს. გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები ($%^!@#*&).
გახსოვდეთ, მხოლოდ პატარა ასოებით შედგენილი 8-სიმბოლოიანი პაროლის „გასატეხად“ დაახლოებით 1 წუთია საჭირო. ეცადეთ, პაროლი რაიმე ფრაზისგან შედგებოდეს და მასში სხვადასხვა სიმბოლო გამოიყენეთ.

მაგალითად:
ავიღოთ ფრაზა: მე მიყვარს ტერაბანკი, შევცვალოთ ფრაზაში შემავალი სიტყვები ლათინური ასოებით - me mikvars terabank და შემდეგ კი გავართულოთ ის სიმბოლოებით — meM!kvar$_Tera3ank. ასეთი პაროლის „გატეხვას“ არაადეკვატურად დიდი დრო დასჭირდება.

სოციალური ინჟინერია

სოციალური ინჟინერია კიბერსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია და ხშირად უფრო მნიშვნელოვანი შეტევების პირველ ეტაპს წარმოადგენს. იგი ორიენტირებულია ადამიანების მოქმედების, განწყობებისა და მათზე კონტროლის მიზანმიმართულად წარმართვაზე. სოციალური ინჟინერია ტოვებს განცდას, რომ შემოთავაზება რეალობისთვის ზედმეტად კარგია. მაგალითად, კრიმინალები შეიძლება ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, სოციალური ქსელების, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებების დახმარებით დაგიკავშირდნენ და მოგწერონ

  • დაპირება: "თქვენ გაიმარჯვეთ ლატარიაში...“ „გიბრუნებთ არასწორად ჩარიცხულ თანხას..."
  • დაშინება: "თქვენი მომხმარებლის სახელსა და პაროლზე განხორციელდა უნებართვო წვდომა..."
  • გადაუდებლობის განცდა: "დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, თორემ შემდეგ გვიან იქნება..."
  • არასაჭირო საიდუმლოება: "არავის არ გაანდოთ ის, რასაც ამ ფაილში ნახავთ..."
  • შემოთავაზებები, რომლებიც უცხო პირისთვის თანხის მიღებას ან გადარიცხვას გულისხმობს

ფიშინგი (ინგლ. phishing - თევზაობა)

კრიმინალები ყალბ ვებგვერდებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს იყენებენ, რათა მათი დახმარებით მომხმარებელთა მონაცემები მოიპოვონ. ამ მიზნით, ისინი ვითომდა ავტორიზებული პირის, სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინებებს აგზავნიან.

აუცილებლად დააკვირდით, ვინ არის გამომგზავნი და რა ვებმისამართზე გადადიხართ, რადგან ყალბი მისამართის განსხვავება რეალურისგან ერთი შეხედვით რთულია.

ტერაბანკის ინტერნეტგვერდის გახსნისას ყოველთვის დააკვირდით, რომ მისამართში ეწეროს https://www.ebanking.ge

კრიმინალები ცდილობენ, ყალბი მისამრთები ვიზუალურად ძალიან ჰგავდეს რეალურს. მაგალითად: ebankimg.ge ან ebankiing.ge Info@terrabank.ge ან info@terabamk.ge ყალბ ვებგვერდებსა და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებს ხშირად უხარისხო დიზაინი და გრამატიკული შეცდომები ახასიათებთ, ბრაუზერის მისამართის წინ კი არ გვხდება ბოქლომის ნიშანი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვებგვერდი დაცული არ არის.

თუ ფაილებითა ან/და ინტეგრირებული ვებბმულებით დატვირთულ შეტყობინებას მიიღებთ, ნუ იჩქარებთ მათ გახსნას, დაფიქრდით (10 წამის განმავლობაში), შეძლებისამებრ მოახდინეთ გამომგზავნის იდენტიფიცირება და დააზუსტეთ, ნამდვილად მისგან იყო, თუ არა ეს შეტყობინება გამოგზავნილი.

გახსოვდეთ, ტერაბანკი არასდროს მოგთხოვთ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით.

საბანკო ბარათის უსაფრთხოება

კრიმინალებისთვის თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები ყველაზე სასურველი სამიზნეა. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი ბარათის მონაცემების უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამ პროცესში თავადაც უნდა დაგვეხმაროთ:

  • ელექტრონული ფოსტით, მესენჯერით, მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ზეპირსიტყვიერად არ გააზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები (ბარათის პინ კოდი, ბარათის ნომერი, მისი მოქმედების ვადა და უკანა მხარეს დატანილი ე.წ. cvv ან cvv2 კოდი)
  • დაფიქრდით, ვინ და რა მიზნით ითხოვს თქვენი ბარათის მონაცემებს, ყურადღება მიაქციეთ აპლიკაციების ან რაიმე სერვისების მოთხოვნას ბარათის მონაცემებზე
  • არ დაამახსოვრებინოთ ბრაუზერსა და სხვადასხვა საიტს თქვენი საბანკო მონაცემები
  • ონლაინშოპინგისთვის გქონდეთ სხვა ბარათი, ხოლო სახელფასოდ და ყოველდღიური გამოყენებისთვის — სხვა
  • გააქტიურეთ ტრანზაქციების sms შეტყობინებები
  • ტერმინალით გადახდის დროს(რესტორანი, მაღაზია და სხვა) ბარათი მომსახურე პერსონალს არ გაატანოთ
  • ბანკომატით სარგებლობამდე კარგად დააკვირდით ბანკომატს, მის კლავიატურასა და ბარათის წამკითხველ მოწყობილობას. თუ რაიმე საეჭვო ან უჩვეულო შეამჩნიეთ, დაგვიკავშირდით და გამოიყენეთ სხვა ბანკომატი
  • ბარათის დაკარგვის ან/და არაავტორიზებული ტრანზაქციების დროს უპირველესად დაბლოკეთ ბარათი ინტერნეტ ბანკის ან მობაილ ბანკის დახმარებით და შეგვატყობინეთ ტრანზაქციების შესახებ

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ტერაბანკის რეკომენდაციები, რათა დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, დანაზოგები და თანხა კიბერკრიმინალებისგან. ასევე, გთხოვთ, გაუზიაროთ ეს რეკომენდაციები თქვენს ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებს, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოების გაზრდაში.

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი