ტერაბანკმა საერთაშორისო კვლევითი სააგენტოს (SME Banking Agency) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს კოლექტივთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ ოთხი ქვეყნის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის, ბანკების წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ ტერაბანკის მიღწევებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის (ESG) მიმართულებით.
სტუმრები ტერაბანკის პეკინის ფილიალს ეწვივნენ, სადაც ბანკის მომსახურების სტანდარტებსა და სერვისებს გაეცნენ. შემდეგ კი სასტუმრო ბილტმორში ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე მაქაცარიამ და გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მენეჯერმა ლიკა ქარდავამ წარადგინეს პრეზენტაცია ბანკის მიდგომებსა და ინიციატივებზე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის ჭრილში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში, SME Banking Agency-ის ექსპერტთა გუნდმა ტერაბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში მდგრადი ფინანსური საქმიანობის შეფასების საფუძველზე მოწინავე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დაასახელა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.