ტერაბანკმა მეწარმე ქალებს, რომელთა მხარდაჭერაც ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ბიზნესსაქმიანობების დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობები წარუდგინა.
შეხვედრას „ბიზნესშესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის“, რომელიც სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერში“ 28 მარტს გაიმართა, 200-მდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ მეწარმე ქალები, რომლებიც აგროტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, განათლების და სხვა მიმართულებების ბიზნესებს არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც უძღვებიან ან ახლა აპირებენ საკუთარი საქმიანობების დაწყებას და სხვა მიმართულებებით საქმიანობებს არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც უძღვებიან. ღონისძიება მიზნად მეწარმე ქალებისთვის იმ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ემსახურებოდა, რომელიც მათ საქმიანობის განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.
შეხვედრის მიმდინარეობისას ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, თეონა ბაბუნაშვილმა მონაწილეებს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს, ტერაბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერმა, სანდრო კანდელაკმა კი მეწარმე ქალებს ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების მხარდამჭერი პლატფორმის, SaaSargeblo.ge-ის შესაძლებლობები წარუდგინა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების Helio.AI-სა და Signify-ს წარმომადგენლებიც, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი პროდუქტები, მომსახურებები და მათი გამოყენების უპირატესობები გააცნეს. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ბიზნესკავშირები დაემყარებინათ.
მეწარმე ქალების მხარდაჭერა ტერაბანკის, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით ბანკს სხვადასხვა ინიციატივა აქვს განხორციელებული, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.