კონფერენციაზე, რომელიც სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მექანიზმების დანერგვის შესახებ 29 ნოემბერს ჩატარდა, ტერაბანკის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, იზაბელა კანდელაკმა ბანკში არსებული პრაქტიკის შესახებ ისაუბრა.
ტერაბანკმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაიწყო. ბანკში თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ამავდროულად უსაფრთხო და თანასწორი გარემოს შექმნა, პრიორიტეტია. ინიციატივის მიზანსაც ტერაბანკის მხრიდან მაღალი კორპორაციული სტანდარტის შენარჩუნება და თანამედროვე მიდგომების დროული დანერგვა წარმოადგენდა. მოცემული ამოცანების გაცნობასთან ერთად, იზაბელა კანდელაკი კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა ნაბიჯებზეც, რომლებიც ტერაბანკში სექსუალური შევიწროების პრევენციის კუთხით გადაიდგა, კერძოდ შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტები და მექანიზმები, სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები, რომლებიც მონაწილეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
ამჟამად მსგავსი შინაარსის ტრენინგების ორგანიზება რეგიონების მასშტაბით არსებულ ფილიალებში მიმდინარეობს. ჩამოთვლილი აქტივობები ბანკს ეხმარება, ჯანსაღი, დისკრიმინაციისაგან თავისუფალი, ღირებულებებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების შენარჩუნებაში, მიმზიდველი დამსაქმებლის იმიჯის გამყარებაში, რაც, საბოლოოდ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის რეპუტაციულად თუ ფინანსურად მომგებიანი და ეფექტიანია.
კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინიციატივით ჩატარდა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.