18 ივლისს, აქსელთან ერთად, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის საინვესტიციო შეხვედრა გავმართეთ. მათ გარდა, ღონისძიებას ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანები, აქსელის არსებული და პოტენციური წევრებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა ტექნოლოგიური სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესების, ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისა და ინვესტორების დაკავშირებას, სასარგებლო პარტნიორობებისა და ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას ემსახურებოდა. მისი მიმდინარეობისას ტექ სტარტაპების დამფუძნებლებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას შეეცადნენ.
პრეზენტატორებს შორის იყვნენ რესტორნების ონლაინპლატფორმა KovZy-ის, დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია Awork-ის, მონაცემთა საცავის დანერგვის კომპანია Datamind-ის, ფინანსური მართვის ონლაინპლატფორმა Kernel-ის, ხმოვანი GIF-ების პლატფორმა Kikliko-ს, ონლაინშეკვეთების სამართავი პლატფორმა QuickShipper-ისა და აგრონომიული პლატფორმა Agronnect-ის წარმომადგენლები. აქსელის წევრებმა კი ღონისძიების დამსწრეებს ის კრიტერიუმები გააცნეს, რომელთა საფუძველზეც მათ დამწყები ბიზნესები დააფინანსეს და მონაწილეებს საინვესტიციო სტრატეგიებიც გაუზიარეს.
ღონისძიების დაწყებამდე Elevator Pitch-ები ჩატარდა: SAIT-ის, Drip.ge-ს, Pepup-ისა და Pharmaco-ს სტარტაპების დამფუძნებლები შეეცადენ, უმოკლეს დროში, სანამ ლიფტი სასტუმრო „ბილტმორის“ 32-ე სართულს მიაღწევდა, პოტენციური ინვესტორები საკუთარი ბიზნესიდეებით დაეინტერესებინათ.
ტერაბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სტრატეგიული მიმართულებაა და ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის საინვესტიციო შეხვედრის მხარდაჭერაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.