ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის დინამიკურად მზარდი შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ბანკს სტრატეგიული სეგმენტის კუთხით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. წარმატებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივებიც.
კერძოდ, გასულ წელს ტერაბანკის ბიზნესმიმართულების საკრედიტო პორტფელი — 28,4%-ით, სადეპოზიტო პორტფელი — 61,8%-ით, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საერთო რიცხვი კი 32%-ით გაიზარდა. 2022 წლის განმავლობაში გაფართოვდა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებთან პარტნიორობის საკრედიტო პორტფელიც: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებით გაცემული სესხების 18% ტერაბანკზე მოდის. სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ტერაბანკის მიერ დაფინანსებული ბიზნესების რიცხვი კი 70-ს შეადგენს.
ტერაბანკისთვის 2022 წელი გამორჩეული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი აქტივობებითაც: შეიქმნა ონლაინ ბიზნესკატალოგი, რომელმაც 100 ქართული ბიზნესი გააერთიანა და ინტერნეტმომხმარებლებს ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების პროდუქტები თუ მომსახურებები გააცნო. ამას გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესკლიენტებთან ტერაბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების შესახებ, გაიმართა ვებინარები ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე. გასული წლის განმავლობაში ტერაბანკი აქტიურად ჩაერთო ბიზნესკლიენტების პოპულარიზაციაშიც და მათი საქმიანობებო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ციფრული მედიაარხებით არაერთხელ წარმოაჩინა.
2023 წლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებული ყურადღება კი ამ მიმართულების განვითარების პროცესში აგრო და სტარტაპ სესხების პროდუქტების შეთავაზებას, ქალი და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას დაეთმობა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.