ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად მორიგი საინფორმაციო შეხვედრები გამართა. აპრილის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამგვარი შეხვედრები თბილისში, მარნეულში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და
ბათუმში ჩატარდა და მათ ტერაბანკის 500-მდე მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტი დაესწრო.
შეხვედრების მიმდინარეობისას ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა მონაწილეებს დაფინანსების არსებული შესაძლებლობები, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები, მათი სპეციფიკა, შეთავაზებები და სხვა აქტუალური საკითხები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტარტაპ სესხებზე, რომლებიც ტერაბანკმა მომხმარებლებს სულ ახლახან წარუდგინა. პროდუქტი მთლიანად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებზეა მორგებული და მეწარმეების დაფინანსებას მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ სტარტაპ სესხები ძირითადად მეწარმე ქალებზეა გათვლილი. შეხვედრების ბოლოს ბექა ბიბილაშვილმა დამსწრე ბიზნესკლიენტების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი გამოწვევებიც მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ ღონისძიებაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილიც მონაწილეობდა. მან ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს სააგენტოს პროგრამები და მათ ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და ბენეფიტები წარუდგინა.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის სტრატეგიული, მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც 2021 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება და ბიზნესებს საკუთარი საქმიანობების განვითარებაში ეხმარება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.